პროექტის შესახებ

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 32 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 9 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები.*

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები 

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

ლელო საქართველოსთვის

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო (სტრატეგია აღმაშენებელი)

სამართლიანობისთვის

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს.

პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებელისა და პოლიტიკური პარტიის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში პარტიას მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, პარტიას მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, პარტიას ენიჭება 0%. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი კითხვა და მასზე სავარაუდო პასუხები:

უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი?
  • დიახ
  • არა
  • დიახ, მხოლოდ კაცებისთვის
  • დიახ, მხოლოდ ქალებისთვის
  • არა, პირიქით, უნდა შემცირდეს

დავუშვათ, პოლიტიკურმა პარტიამ ამ კითხვაზე გასცა პასუხი „ა” (დიახ). თუ ვებგვერდის მომხმარებელი იგივე კითხვაზე ასევე გასცემს „ა” პასუხს, ამ კითხვაში ამ ამორჩევლის პარტიასთან დამთხვევა იქნება 100%. თუ ამომრჩევლის პასუხი, მაგალითად, იქნება „გ” (დიახ, მხოლოდ კაცებისთვის), ეს ნიშნავს, რომ მისი და პარტიის პასუხები სრულად არა, თუმცა ნაწილობრივ დაემთხვა, რადგანაც საპენსიო ასაკის გაზრდას ორივე ემხრობა. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის პარტიასთან დამთხვევა იქნება 75%, ხოლო თუ ამომრჩეველი იტყვის „ბ”-ს (არა), ან „ე”-ს (არა, პირიქით, უნდა შემცირდეს), პასუხების დამთხვევა იქნება 0%.  

კითხვარის სრულად შევსების შემდედ ყველა კითხვის შედეგი ჯამდება და მიღებული რიცხვი იყოფა 32-ზე, ანუ კითხვების რაოდენობაზე, რის შედეგადაც გამოითვლება ვებგვერდის მომხმარებლისა და თითოეულ პოლიტიკური პარტიას შორის საშუალო პროცენტული თანხვედრა.

* კითხვარი გაეგზავნა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებში 1%-იანი მხარდაჭერა მაინც ჰქონდათ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი”, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო (სტრატეგია აღმაშენებელი)”, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები”, „სამართლიანობისთვის” და „ლელო საქართველოსთვის”. კითხვარის პასუხები არ მოგვაწოდეს პოლიტიკურმა პარტიებმა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.